top of page

კლიმატის ცვლილება, აგრესია და ძალადობა: რა კავშირშია სიცხე ადამიანის ქცევებთან

  • Writer: Ana Petriashvili
    Ana Petriashvili
  • Dec 21, 2025
  • 4 min read

ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და დანაკარგის განცდას. თუმცა, მეცნიერები კიდევ ერთ, შესაძლოა უფრო შემაშფოთებელ შედეგზეც მიგვითითებენ. დედამიწაზე ტემპერატურის ზრდასთან ერთად ერთად, ადამიანებს შორის ძალადობის მაჩვენებელიც იზრდება. როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილება არამხოლოდ ეკოსისტემებსა და ამინდზე ახდენს გავლენას, არამედ ის პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ჩვენს ქცევაზეც.


ოლაფურ ელიასონი, ამინდის პროექტი, 2003. ტეიტ მოდერნის გალერეა, ლონდონი.
ოლაფურ ელიასონი, ამინდის პროექტი, 2003. ტეიტ მოდერნის გალერეა, ლონდონი.

სამეცნიერო კვლევების 60%-ზე მეტი, რომელიც კლიმატურ პირობებსა და კონფლიქტს შორის კავშირს სწავლობს, ამბობს, რომ რაც უფრო იწევს ტემპერატურა, მით უფრო იზრდება ადამიანებში ძალადობრივი ქცევის მაჩვენებლები.


კავშირი ამ ორ ცვლადს შორის სხვადასხვა სახისაა. ზოგჯერ ტემპერატურის ზრდა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიოლოგიაზე, ზოგჯერ კი ის ეკონომიკური და სურსათის დეფიციტისგან გამოწვეული კრიზისისა და მასობრივი მიგრაციის გზით იჩენს თავს.


სიცხე და აგრესია: ბიოლოგიური კავშირი

რატომ ვერ ასხვავებს ჩვენი ტვინი სიცხესა და საფრთხეს


ჩვენს ტვინში სიცხესა და ემოციურ რეგულაციას შორის ნევროლოგიური კავშირი არსებობს. როდესაც ტემპერატურა მატულობს, ტვინის ის რეგიონი, რომელიც თერმორეგულაციაზეა პასუხისმგებელი, ამავდროულად ემოციებსაც მართავს. როდესაც სისტემა სიცხით გამოწვეული სტრესის სამართავად აქტიურდება, ის ავტომატურად ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სოციალურ სიტუაციებს, და როგორ ვრეაგირებთ მათზე ემოციურად.


ამასთან, სიცხე იწვევს ადრენალინის გაძლიერებულ გამომუშავებას, რაც ორგანიზმს მაღალი რეაქტიულობისთვის ამზადებს. თერმულ სტრესზე სხეულის პასუხი არის პოტენციური კონფლიქტისთვის მზადყოფნა.


ოლაფურ ელიასონი, ამინდის პროექტი, 2003. ტეიტ მოდერნის გალერეა, ლონდონი.
ოლაფურ ელიასონი, ამინდის პროექტი, 2003. ტეიტ მოდერნის გალერეა, ლონდონი.

კვლევები ადასტურებს, რომ ეს ბიოლოგიური კავშირი უნივერსალურია და ვლინდება სხვადასხვა კულტურასა და სოციალურ წრეში. სიცხე არამხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ ფუნდამენტურად ცვლის იმას, თუ როგორ ვამუშავებთ ემოციებს და როგორ ვპასუხობთ სოციალურ გამოწვევებს.


თერმული დისკომფორტის ფსიქოლოგია

როგორ ცვლის სიცხე ჩვენს სოციალურ აღქმას


სიცხის მხოლოდ წარმოდგენასაც კი შეუძლია გამოიწვიოს აგრესიულად მომართული ფიქრები.

კონტროლირებად ექსპერიმენტებში, მკვლევრებმა მონაწილეებს ცხელ ამინდთან ასოცირებული სურათები აჩვენეს. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის წევრები ნეიტრალურ სახის გამომეტყველებას უფრო მტრულად განმარტავდნენ, ვიდრე სხვები. გარდა ამისა, მათ გამოავლინეს უფრო მეტად აგრესიული მიდგომები. ეს ნიშნავს, რომ სიცხის უბრალოდ გაფიქრებამაც კი გაააქტიურა კონფლიქტთან დაკავშირებულიგონებრივი მექანიზმები.


ჩვენი ფიზიკური გარემო აყალიბებს კოგნიტურ პროცესებსა და აღქმას. სიცხე იწვევს დისკომფორტს, რაც ზრდის გაღიზიანებადობას და აძლიერებს საფრთხის აღქმის ტენდენციას ორაზროვან სოციალურ სიტუაციებში. ჩვენ უფრო სწრაფად ვბრაზდებით, უფრო მიდრეკილნი ვართ მტრული განზრახვის დაშვებისკენ და უფრო მზად ვართ აგრესიულად ვუპასუხოთ ნეიტრალურ სტიმულებს.


ოლაფურ ელიასონის სტუდია, გამოუთქმელი ახალი აზრები, 2025, ბერლინი.
ოლაფურ ელიასონის სტუდია, გამოუთქმელი ახალი აზრები, 2025, ბერლინი.

ამას ადასტურებს კვლევა პოლიციის ოფიცრებზე: ოფიცრებმა, რომლებიც არაკომფორტულად ცხელ პირობებში იმყოფებოდნენ, უფრო ხშირად გამოიყენეს იარაღი სიმულირებულ სცენარებში, ვიდრე მათ, ვინც კომფორტულ ტემპერატურაში მუშაობდა. თერმულმა გარემომ შეცვალა არა მხოლოდ განწყობა, არამედ ძალის გამოყენების შესახებ კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების პროცესებიც.


სიცხე და კონფლიქტების სტატისტიკა


კვლევები მიუთითებს, რომ ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუს ცელსიუსით მატება შეიძლება შეესაბამებოდეს მკვლელობების მაჩვენებლის 6%-იან ზრდას. სხვა პროგნოზები ცხადყოფს, რომ ტემპერატურის პატარა მატებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს დაახლოებით 25,000 დამატებითი მძიმე თავდასხმა ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში.


რა გამოდის, რომ ტემპერატურის ზრდა, რომელიც უმეტეს დღეებში თითქმის შეუმჩნეველია, შეიძლება ნიშნავდეს ყოველწლიურად ათობით ათას დამატებით ძალადობრივ ინციდენტს.


სასურსათო სისტემის რღვევის ძალადობრივი შედეგები

კავშირის კვებასა და ქცევას შორის


ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის საკვების დეფიციტს. კვლევები აჩვენებს, რომ საკვების დეფიციტი, პრენატალური არასრულფასოვანი კვება და ადრეულ ბავშვობაში კვებითი დეფიციტი არსებითად ზრდის აგრესიული და ანტისოციალური ქცევის ალბათობას მოზრდილ ასაკში.


მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გერმანიის მიერ საკვების მიწოდების შეწყვეტის გამო, ნიდერლანდების მოსახლეობამ მძიმე შიმშილი განიცადა.

მკვლევრებმა ათწლეულების შემდეგ შეისწავლეს ის მამაკაცები, რომლებიც ამ პერიოდში დაიბადნენ. კვლევამ შეადარა ორი ჯგუფი:


  • ის მამაკაცები, რომელთა დედებიც ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არასრულფასოვნად იკვებებოდნენ;

  • ის მამაკაცები, რომელთა დედებსაც საკვებთან ადეკვატური წვდომა ჰქონდათ.


გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომელთა დედებიც შიმშილობდნენ, ზრდასრულ ასაკში ანტისოციალური პიროვნული აშლილობის 250%-ით მაღალი მაჩვენებლები აღენიშნათ.


ოლაფურ ელიასონის სტუდია, ცვალებადი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. 2025, ბერლინი.
ოლაფურ ელიასონის სტუდია, ცვალებადი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. 2025, ბერლინი.

ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ ორსულობის დროს კვებითმა დეფიციტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტვინის განვითარებაზე და ათწლეულების შემდეგაც კი ჩამოაყალიბოს ქცევითი პატერნები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აგრესიის რისკს მომავალში.


როგორ უკავშირდება ეს კლიმატის ცვლილებას? გლობალური დათბობა სერიოზულად აზარალებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას, ამცირებს მოსავლიანობას და არღვევს სურსათის განაწილების სისტემებს. თუ ადრეულ ასაკში არასრულფასოვანი კვება ზრდის ძალადობისკენ მიდრეკილებას ზრდასრულ ასაკში, ჩვენ არამხოლოდ უშუალო სასურსათო კრიზისის წინაშე ვდგავართ, არამედ შესაძლოა, მომავალ თაობებსაც კი ვუბიძგებთ აგრესიული და ანტისოციალური ქცევების ჩამოყალიბებისაკენ.


ეკონომიკური რღვევა და სოციალური არასტაბილურობა

როცა კლიმატის ცვლილება საარსებო საშუალებებს ანადგურებს


სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა ძალადობის უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორებია. გარემოსდაცვითი შოკები ანადგურებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და სასოწარკვეთას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც ხედავენ, თუ როგორ ინგრევა სისტემატურად მათი საარსებო წყარო.


კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები და ეკონომიკური პირობები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია:


  1. ექსტრემალური ამინდის მოვლენები აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

  2. მოსავლიანობის კლება იწვევს სურსათის დეფიციტს.

  3. შედეგად მიღებული სოციალური დაძაბულობა ქმნის კონფლიქტისთვის ხელსაყრელ პირობებს.


ამ დინამიკას ამძაფრებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის ფრაგმენტაციასუსტი ინსტიტუტები და კონკურენცია საარსებო რესურსების მოპოვებისთვის. ესყველაფერი გარემოსდაცვით სტრესს სოციალურ არასტაბილურობად აქცევს.


ეკომიგრაცია და კონფლიქტის შესაძლო რისკები

გაზრდილი კონკურენცია რესურსებისთვის


არსებობს მესამე მექანიზმი, რომლითაც კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ძალადობაზე. როდესაც გარემოსდაცვითი კატასტროფები რეგიონებს საცხოვრებლად უვარგისს ხდის, მოსახლეობა იძულებულია გადაადგილდეს. ეს ეკომიგრაცია (ფართომასშტაბიანი გადაადგილება ეკოლოგიური პრობლემის ან ექსტრემალური მოვლენის საპასუხოდ) უშუალოდ არ იწვევს ძალადობას, მაგრამ ის ქმნის პირობებს, სადაც კონფლიქტის ალბათობა არსებითად იზრდება.


ოლაფურ ელიასონი. სივრცე განსხვავებული, მაგრამ ინკლუზიური ფიქრებისთვის, 2025.
ოლაფურ ელიასონი. სივრცე განსხვავებული, მაგრამ ინკლუზიური ფიქრებისთვის, 2025.

როდესაც ახალ რეგიონებში დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჩადის, დაძაბულობა მრავალი მიმართულებით იჩენს თავს. ინტენსიურდება რესურსებისთვის კონკურენცია, კულტურული განსხვავებები ხდება პოტენციური დაპირისპირების მიზეზი, და ინფრასტრუქტურული და სოციალური სისტემები იტვირთება. ეკონომიკურ სტრესთან, იდენტობის აღქმულ საფრთხეებთან და პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად, ეს ფაქტორები ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვან პოტენციალს.


ეს დინამიკა განსაკუთრებით ძლიერია უკვე მოწყვლად რეგიონებში - მოსახლეობის სიმჭიდროვით, რესურსების დეფიციტით, სუსტი მმართველობით ან არსებული ეთნიკური დაძაბულობით გამორჩეულ თემებში. რა თქმა უნდა მხოლოდ კლიმატის ცვლილება არ ქმნის ამ პრობლემას, მაგრამ აძლიერებს მას, რაც მართვად გამოწვევებს პოტენციურ კრიზისებად აქცევს.


სისტემური მიდგომა რეაქტიული პასუხების ნაცვლად


ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი პოლიტიკა, გამოვყოთ რესურსები და დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას კეთილდღეობის მოპოვებაში.  


თუმცა, ხშირად, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ეკომიგრანტებზე და იძულებით გადასახლებულ პირებზე შეზღუდვებით რეაგირებენ და არა ინტეგრაციით. ჩვენ ვაშენებთ ბარიერებს და არა გზებს ჰუმანურობისთვის და კონფლიქტების აღმოფხვრისთვის.


ოლაფურ ელიასონის სტუდია. ინკლუზიური მასპიძნელი. 2023, ბერლინი.
ოლაფურ ელიასონის სტუდია. ინკლუზიური მასპიძნელი. 2023, ბერლინი.

ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, სამომავლო კვლევები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ კლიმატის ცვლილების პროგნოზირებით, არამედ უნდა დაკავდეს ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემით, როგორებიცაა: როგორ ვმართოთ კავშირი სიცხით გამოწვეულ სტრესსა და აგრესიას, სურსათის დეფიციტსა და ძალადობას, გადაადგილებასა და კონფლიქტს შორის?


ცხადია, გადაწყვეტილებები იქნება რთული და მრავალმხრივი, მაგრამ მათი გააზრდება და გათვალისწინება აუცილებელია. კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი; ის ფუნდამენტურად არის გადაჯაჭვული ადამიანის ქცევასთან, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და ძალადობის პრევენციასთან. ამ რეალობის გააზრება ზრდის ჩვენს შესაძლებლობას, შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც დაიცავს როგორც ეკოლოგიურ სტაბილურობას, ისე სოციალურთ ანასწორობას.



Cover photo: The weather project, 2003 Tate Modern, London. Photo: Olafur Eliasson


ბლოგ-პოსტი ეყრდნობა მეცნიერულ სტატიებს. ძირითადი წყაროებია:


Sakaguchi, K., Varughese, A., & Auld, G. (2017). Climate wars? A systematic review of empirical analyses on the links between climate change and violent conflict. International Studies Review, 19(4), 622–645. https://doi.org/10.1093/isr/vix022


Miles-Novelo, A., & Anderson, C. A. (2019). Climate change and psychology: Effects of rapid global warming on violence and aggression. Current Climate Change Reports, 5(1), 36–46. https://doi.org/10.1007/s40641-019-00121-2


 
 
 

Comments


გაგვიზიარეთ თქვენი უკუკავშირი, აზრები და იდეები. 

© 2025 Climate Aware. ყველა უფლება დაცულია.

bottom of page