რატომ არ გვაღელვებს ბუნების — და საკუთარი თავის კარგვა
- Ana Petriashvili

- Sep 28
- 4 min read
ტემპერატურის მატება, წყლისა და საკვების დეფიციტი, ტყის გახშირებული ხანძრები, წყალდიდობები, ბიომრავალფეროვნების კარგვა... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. უკვე ათწლეულებია, მთელი მსოფლიო საუბრობს კლიმატის ცვლილებაზე. მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანის საქმიანობამ დედამიწის სისტემების ცვლილება ისეთ ნიშნულამდე მიიყვანა, რომ უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. და მაინც, მიუხედავად ამ აშკარა მტკიცებულებებისა, მოქმედებას ვერ ვბედავთ.

სად იღებს სათავეს ეს უმოქმედობა?
ამერიკელი მწერალი და გარემოს თემებზე არაერთი წიგნის ავტორი, ჯეფ გუდელი, გვთავაზობს ერთ ახსნას:
„იმის გასაგებად, თუ რატომ ვართ ასეთ პარადოქსულ უმოქმედობაში, როცა საქმე კლიმატის ცვლილების ამ მასშტაბურ პრობლემას ეხება, საჭიროა ჩავიხედოთ შიგნით — როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ამ დაკვირვებაში დევს ცვლილების პოტენციალი და იმედის საფუძველი.“
შესაძლოა, კლიმატის კრიზისის დაძლევა, რომელიც დღეს უკვე ყოველი ჩვენგანის პირადი მიზანი უნდა იყოს, სწორედ საკუთარ თავში ჩახედვას მოითხოვს. იქნებ საჭიროა გავიგოთ, როგორ მუშაობს ჩვენი გონება და რა ღირებულებები მართავს ჩვენს ქცევებს. რა გვაშორებს მოქმედებას მაშინ, როცა საქმე გადარჩენას ეხება? და თუ კლიმატის ცვლილება უკვე ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, შეუძლია თუ არა ფსიქოლოგიურ და სოციალურ მიგნებებს დაგვეხმაროს, ამოვხსნათ ჩვენი უმოქმედობა.
ამ ბლოგ-პოსტში ფსიქოლოგიური და სოციალური პერსპექტივიდან ავხსნით იმას, თუ რატომ არსებობს ამხელა შეუთავსებლობა ცოდნასა და მოქმედებას შორის, და გავიგებთ, რატომ შეიძლება გვიჭირდეს გარემოსადმი მეგობრული ქცევების ჩამოყალიბება.
რა კავშირშია ჩვენი ღირებულებათა სისტემა კლიმატის ცვლილებასთან
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, როგორც ინდივიდუალურად, ისე სისტემურ დონეზე, მოითხოვს ცნობიერების გაფართოებას და იმ ღირებულებითი სისტემების გადაფასებას, რომელიც საბოლოოდ ჩვენს იდენტობას აყალიბებს.
უმეტესწილად, ჩვენს მიერ შეძენილი ღირებულებები გვასწავლის, რომ ადამიანი ბუნებისგან განცალკევებულია და მასზე უპირატესია. მსგავსი მიდგომა ბუნებისადმი, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, ღრმად არის ფესვგადგმული.

კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი უმოქმედობის ერთ-ერთი მიზეზი ბიოსფერული ღირებულებების ნაკლებობაა. ეს არის ღირებულებათა შკალა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები თავიანთ ქმედებას ეკოსისტემებზე ნეგატიური ან პოზიტიური გავლენის მიხედვით აფასებენ.
გარემოს ფსიქოლოგიაში სამი ძირითადი ღირებულებითი ორიენტაცია არსებობს:
ეგოისტური — გადაწყვეტილებების მიღება პირადი სარგებლის მიხედვით.
ალტრუისტული — ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ბიოსფერული — ქმედებების შეფასება ბუნებაზე მათი ზემოქმედების მიხედვით.
ზოგადად, ღირებულებები ის პრინციპები და აღქმებია, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მიმართულებას აძლევენ და, გარკვეულწილად, ჩვენს იდენტობასაც განსაზღვრავენ.
კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებსაც ძლიერი ბიოსფერული ღირებულებები აქვთ, საკუთარ თავს გარემოს მეგობრად აღიქვამენ და შესაბამისად, უფრო მეტად მოქმედებენ მის დასაცავად. ისინი, როგორც წესი, მხარს უჭერენ კლიმატის პოლიტიკას, ირჩევენ ცხოვრების უფრო ეკომეგობრულ გზებს და ერთვებიან გარემოსდაცვით აქტივიზმში. ადამიანებს, რომლებშიც გარემოსდაცვითი ღირებულების ეს სისტემა შედარებით სუსტად არის განვითარებული, კლიმატის ცვლილება შეიძლება შორეულ ან არარელევანტურ მოვლენად მოეჩვენოს, ეს კი საბოლოო ჯამში უმოქმედობას იწვევს.
როგორ გვიყალიბებს ღირებულებებს საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ
ღირებულებები თავისით არ ყალიბდება. მათზე უდიდეს გავლენას ახდენს გარემო პირობები, სოციალური სწავლებები და კულტურული მოვლენები.
კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა წყობის საზოგადოებებში ღირებულებებიც განსხვავებულია: ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში ადამიანები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად გადაწყვეტილებებს და თვითგამოხატვის მეტი შესაძლებლობაც აქვთ. კოლექტივისტურ საზოგადოებებში კი პრიორიტეტულია გარშემო ხალხის აზრი და ქცევები.
ღირებულებების ჩამოყალიბებისა და თვითგამოხატვის განმაპირობებელი სოციალურ-კულტურული ფაქტორები კი განსაზღვრავს, თუ რამდენად გარდაიქმნება ჩვენში უკვე არსებული ღირებულებები ქმედებებად. კვლევების მიხედვით, ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში, ადამიანები უფრო მეტად არიან მოტივირებულები, დაიცვან გარემო, ვიდრე კოლექტივისტურ საზოგადოებებში.
რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფაქტორებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ეკონომიკურად შედარებით მყარ საზოგადოებებში ადამიანებს მეტი თავისუფლება აქვთ, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში ადამიანები უფრო მეტად ეყრდნობიან ჯგუფურ ნორმებსა და საერთო ღირებულებებს.
როგორ განვავითაროთ ბიოსფერული ღირებულებები ჩვენში
შეიძლება თუ არა ბიოსფერული ღირებულებების გაღვივება? კვლევები გვეუბნება, რომ შეიძლება — და ეს დამოკიდებულია როგორც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, ასევე სოციალურ და გარემოპირობებზე.

ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი არის ბუნებასთან კავშირი, და იმ შეგრძნების გაღვიძება, რომ ბუნება ჩვენი იდენტობის ნაწილია. ეს მხოლოდ გარეთ დროის გატარებას არ გულისხმობს — ეს არის ბუნების საკუთარ თავში ინტეგრირება. კვლევები აჩვენებს, რომ ვინც ბუნებასთან ძლიერ კავშირს გრძნობს, მასში უფრო ძლიერად ყალიბდება ბიოსფერული ღირებულებები, რაც მომავალში მდგრად და გარემოსადმი მეგობრულ ქცევას უწყობს ხელს.
ქვემოთ განვმარტავთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც დაგვეხმარება, გავაძლიეროთ ჩვენში ბიოსფერული ღირებულებები:
ბუნებაში ყოფნის გამოცდილება — ბუნებასთან ხშირი შეხება, გარეთ დროის გატარება და ბუნებაზე დაკვირვება ამყარებს მასთან კავშირს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ბიოსფერული ღირებულებების განვითარებას.
ოჯახური ღირებულებები, სოციალური ნორმები და კულტურა — თუ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ბუნებასთან ჰარმონიაშია, ეს ქმნის მყარ ნიადაგს ბიოსფერული ღირებულებებისთვის.
ცოდნა და გარემოსდაცვითი განათლება — რაც უფრო მეტი გვესმის ეკოსისტემების ფუნქციონირების შესახებ და ვიაზრებთ მათი კარგვისგან მოსალოდნელ რისკებს, მით მეტად გვიყალიბდება ბიოსფერული ღირებულებები.
ეს ყველაფერი მხოლოდ აკადემიური დასკვნები არ არის. ეს ერთგვარი შემოთავაზებაა, რომ გადავაფასოთ ჩვენი მიდგომები, ქცევები, მოთხოვნები და საზოგადოებრივი ნორმები. თუ გვინდა, რომ გარემოს შესახებ ჩვენი ცოდნა და მისი დაკარგვის რისკების გაცნობიერება რეალურ ქმედებებში გადაიზარდოს, აუცილებელია ჩვენი ღირებულებითი სისტემების გააზრება და მათი გადაფასება.
დაგვიტოვე კომენტარებში შენი აზრი. შენთვის რა არის კლიმატის კრიზისის მიზეზები და სად ხედავ ადამიანების უმოქმედობის საფუძვლებს?
ქავერის ფოტო: Guillaume Pépy, Aoteraoa - Les naufragés, 2013
ბლოგ-პოსტი ეყრდნობა მეცნიერულ სტატიებს. ძირითადი წყაროებია:
Martin, P. (2017). Where do biospheric values come from? A connectedness to nature perspective. Journal of Environmental Psychology, 51, 1–10. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2017.03.005
Martin, C. (2023). Biospheric values as predictor of climate change risk perception: A multinational investigation. Risk Analysis, 43(9), 1855–1870. https://doi.org/10.1111/risa.14083
New Zero World (2024) A New Era in Climate Communications. https://climatecommunications.earth/whitepaper/
Van der Werff, E., Steg, L., & Keizer, K. (2013). The value of environmental self-identity: The relationship between biospheric values, environmental self-identity and environmental preferences, intentions and behaviour. Journal of Environmental Psychology, 36, 39–48. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2013.07.003





Comments