ბუნებასთან ერთნი თუ ორნი?
- Ana Petriashvili

- Oct 5
- 4 min read
კავშირი ბუნებრივ გარემოსა და ჩვენს იდენტობას შორის
ვუდი ალენმა ერთხელ იხუმრა, რომ ის „ბუნებასთან ორი იყო“ (two with nature). ეს ხუმრობა ერთგვარი სიტყვებით თამაშია ცნობილი გამოთქმის „რაღაცასთან ერთობა“ (being one with something) ირგვლივ. თუმცა, იუმორის მიღმა რეალური პრობლემა იმალება: ბევრ ადამიანს დღეს მართლაც აღარ აქვს ბუნებასთან წვდომა და სწორედ ეს მოწყვეტილობა იწვევს გარემოსთვის და ჩვენთვის საგანგაშო შედეგებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებასთან კავშირის შეგრძნება
ხშირად შევხვდებით მოსაზრებას, რომ ადამიანები უფრო მეტად დაიცავენ ბუნებას, თუ იგრძნობენ მასთან კავშირს. წინა ბლოგში განვიხილეთ გარემოსდაცვითი ღირებულებითი სისტემები – განსაკუთრებით ბიოსფერული ღირებულებები – და თუ როგორ აყალიბებენ ისინი ჩვენს დამოკიდებულებებსა და ქცევებს ბუნებრივი გარემოს მიმართ.
ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ბუნებასთან კავშირის შეგრძნება ხელს უწყობს ბიოსფერული ღირებულებების განვითარებას - რაც უფრო მეტად ვგრძნობთ თავს ბუნების ნაწილად, მით უფროძლიერია ჩვენში ვალდებულების განცდა, დავიცვათ ის. ვალდებულების გარდა, ამ დროს ჩვენ ბუნებასთან ერთობას ვგრძნობთ და მისი დაზიანება საკუთარი თავის დაზიანების ტოლფასი ხდება. ანუ, როდესაც ბუნება ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა, მისი დაცვა ხდება არა მხოლოდსასურველი, არამედ აუცილებელი.
"ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირს ეხება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დანახვაა, რომ ამ ორს შორის კომუნიკაცია არსებობს. ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი სილამაზე.“ - ჰერმან ლოე, მხატვარი
როგორ აყალიბებს ღირებულებები ჩვენს იდენტობას
განსხვავება ღირებულებებსა და თვითიდენტობას შორის
ღირებულებები არის აბსტრაქტული პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს, რისკენ ვისწრაფვით ცხოვრებაში. თვითიდენტობა კი, მეორე მხრივ, არის ის, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს საკუთარ თავებს. შეიძლება ბევრი ადამიანი ეთანხმება და აღიარებს ბიოსფერულ ღირებულებებს, თუმცა მხოლოდ უმცირესობა ახდენს მათ ინტეგრაციას საკუთარ იდენტობაში და, შესაბამისად, ქცევებში.
მიუხედავად ამისა, ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს იდენტობაზე. თუ გარემოს დაცვა ჩვენი პრინციპია, მაშინ ჩვენ საკუთარ თავებს აღვიქვამთ როგორც პიროვნებებს, რომლებიც ამ რწმენის შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ. მაგრამ, ეს აღქმა სადღაც იკარგება და არ ითარგმნება ჩვენს ქცევებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვისაუბროთ გარემოსდაცვითი თვითიდენტობისა და მისი ბუნებასთან კავშირის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქცევებს განსაზღვრავს.

გარემო, როგორც ჩვენი თვითიდენტობის ნაწილი
გარემოსდაცვითი თვითიდენტობა გულისხმობს იმას, თუ რამდენად აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავსპიროვნებად, რომლის ქცევები და ზოგადად, ცხოვრების წესი, გარემოსადმი მეგობრულია.
კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოსდაცვითი იდენტობა – საკუთარი თავის ბუნებასთან კავშირში აღქმა – გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოსადმი დამოკიდებულებაზე, არამედ ქცევაზეც. აქ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ორ სხვადასხვა ტერმინს შორის: გარემოსდაცვითი თვითიდენტობა და გარემოსდაცვითი იდენტობა.
გარემოსდაცვითი იდენტობა = საკუთარი თავის ბუნების ნაწილად აღქმა.
გარემოსდაცვითი თვითიდენტობა = საკუთარი თავის, როგორც გარემოსადმი მეგობრული პიროვნების აღქმა, რაც ჩვენს ქცევებშიც ითარგმნება.
შესაძლოა, თავს ბუნების ნაწილად აღვიქვამდეთ, მაგრამ თუ გარემოსდაცვით პრობლემებს ჩვენს ქმედებებთან არ დავაკავშირებთ, ჩვენი შეხედულებები მხოლოდ შეხედულებებად დარჩება და არ გარდაიქმნება ქმედებებში.

ღირებულებებიდან ქცევამდე: თვითიდენტობის შუამავლური როლი
კვლევები ამბობს, რომ გარემოსდაცვითი თვითიდენტობა მედიატორია ბიოსფერულ ღირებულებებსა და რეალურ ქმედებებს შორის.
ღირებულებები წარმოადგენს ჩვენს იდეალურ მეს.
გარემოსდაცვითი თვითიდენტობა ასახავს ჩვენს რეალურ მეს, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი ქცევები თამაშობს უდიდეს როლს.
ვინაიდან „რეალური მე“ უფრო ძლიერად მეტყველებს ჩვენს ქცევებზე, ვიდრე „იდეალური მე“, გარემოსდაცვითი თვითიდენტობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ღირებულებების კონკრეტულქმედებებად ქცევაში.
თვითგაფართოების მოდელი: ბუნების ინტეგრაცია ჩვენს იდენტობაში
როგორ შეიძლება, გავაფართოოთ ჩვენი იდენტობა ისე, რომ მასში ადგილი ბუნებრივ გარემოსაც დავუთმოთ? მეცნიერებაში არსებობს თვითგაფართოების მოდელი, რაც ამბობს, რომ სხვა ადამიანებთან ჩვენი კავშირი და მათი განსხვავებული პიროვნებებისა და შეხედულებების მიღება გვიფართოებს ჩვენს „მეს“. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ბუნებრივი გარემოს პერსპექტივიდან შევხედოთ სამყაროს, შევძლებთ მის ინტეგრირებას ჩვენს იდენტობაში.
ამ პერსპექტივიდან, კავშირი საკუთარი თავსა და ბუნებას შორის, არის შემეცნების ის ხარისხი, რომელშიც ინდივიდი ბუნებას საკუთარი მეს ნაწილად წარმოიდგენს. თუ ბუნებისთვის ზიანის მიყენება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას ჰგავს, მაშინ ბუნების დაცვა იდენტობის არსებითი გამოხატულება ხდება.
"ასევე მინდა, რომ ბევრი დრო გავატარო ველურ ბუნებაში. იქ ყოფნისას გონება განსაკუთრებულად მუშაობს და ჩნდება კუთვნილების განცდა, რომ შენ, გარშემო არსებული ყველაფრის ნაწილი ხარ." ჰერმან ლოე, მხატვარი

აბსტრაქტული ვალდებულებიდან რეალურ მემდე
ვგრძნობთ თუ არა თავს ბუნებასთან ერთიანობაში — ეს მხოლოდ ფილოსოფიური საკითხი აღარ არის და ამ კითხვის მიღმა ღრმა და პლანეტისთვის აწ უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები იმალება. ამ კავშირის ჩამოყალიბება ჩვენი მოტივაციური სტრუქტურის ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს.
როდესაც ვაფართოებთ ჩვენს იდენტობას, რათა ბუნებრივი სამყაროც მოვიცვათ, გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ბიოსფერული ღირებულებებით განპირობებულ აბსტრაქტულ ვალდებულებას კი აღარ წარმოადგენს, არამედ ის ხდება ქცევითი გამოხატულება და არსებითი ფაქტორი იმის განსასაზღვრად, თუ ვინ ვართ ჩვენ.
კვლევები აჩვენებს, რომ გარემოსდაცვით თვითიდენტობას შუამავლის როლი უკავია ჩვენს იდეალურ მესა და რეალურ მეს შორის - ის თარგმნის ჩვენს ღირებულებებს ქცევებში. ძლიერი გარემოსდაცვითი თვითიდენტობის მქონე ადამიანისთვის ბუნების დაცვა არჩევანი კი არა, აუცილებელი ქმედებაა, რადგან გარემოს დაზიანება საკუთარი თავის დაზიანების ტოლფასია. ამ კავშირის განვითარებით, ჩვენ ვიწყებთ გარემოსდაცვითი ღირებულებებით ცხოვრებას, და ეს ქცევები დროებით სახეს კი აღარ ატარებს, არამედ ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენს იდენტობაში.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. თქვენი აზრით, ვართ ჩვენ ერთიანი ბუნებასთან? და როგორ შეიძლება, გავაფართოოთ ჩვენი იდენტობა და გავხდეთ გარემოზე უფრო მზრუნველი?
Cover photo: Herman Lohe, Adagio, 2020 (still from the video)
ბლოგ-პოსტი ეყრდნობა მეცნიერულ სტატიებს. ძირითადი წყაროებია:
Martin, C., & Czellar, S. (2017). Where do biospheric values come from? A connectedness to nature perspective. Journal of Environmental Psychology, 52, 56–68. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2017.04.009
Martin, C., & Czellar, S. (2016). The extended Inclusion of Nature in Self scale. Journal of Environmental Psychology, 47, 181–194. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2016.05.006
Hinds, J., & Sparks, P. (2008). Engaging with the natural environment: The role of affective connection and identity. Journal of Environmental Psychology, 28(2), 109–120. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2007.11.001
Van der Werff, E., Steg, L., & Keizer, K. (2013). The value of environmental self-identity: The relationship between biospheric values, environmental self-identity and environmental preferences, intentions and behaviour. Journal of Environmental Psychology, 34, 55–63. https://doi.org/10.1016/j.jenvp.2012.12.006





Comments