უხილავი ზიანი: როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
- Ana Petriashvili

- Oct 26
- 5 min read
Updated: Nov 9
გარემოს დეგრადაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიმოხილვა
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება კლიმატის ცვლილების ფიზიკური შედეგებს აქტიურად განიხილავს, მისი ფსიქოლოგიური გავლენა ნაკლებად შესწავლილ სფეროდ რჩება. კლიმატთან დაკავშირებული მოვლენები — თბური ტალღებით, წყალდიდობებითა და ქარიშხლებით დაწყებული, გვალვებითა და ტყის ხანძრებით დამთავრებული — მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეს ზიანი ვლინდება როგორც პირდაპირი ტრავმული ზემოქმედების სახით, ისე ირიბი, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მეშვეობით.
ეს ბლოგი აანალიზებს კლიმატის ცვლილების გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ექსტრემალური მოვლენის კონტექსტში და განიხილავს გზებს, რომლებიც დაგვეხმარება ფსიქოლოგიური მდგრადობის ჩამოყალიბებაში კლიმატის ცვლილების ფონზე.

დაკარგული რგოლი
ბევრჯერ წაგვიკითხავს კლიმატის ცვლილების შესახებ სათაურები: ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ტყის ხანძრები. მეცნიერები ზედმიწევნით ზომავენ ნახშირბადის ემისიებს, აკონტროლებენ ზღვის დონეს და აფიქსირებენ ატმოსფერულ ცვლილებებს. თუმცა, გარემოსდაცვითი მონაცემების ამ ნაკადში, ჩვენ თვალს ვარიდებთ ერთ კრიტიკულ ასპექტს — ცვალებადი კლიმატის ფსიქოლოგიურ საფასურს.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება კლიმატის ფიზიკურ შედეგებს ეთმობა (როგორიცაა ექსტრემალური სიცხე, გვალვა, შტორმები და ზღვის დონის მატება), მენტალური ჯანმრთელობის საკითხი გაცილებით ნაკლებად არის წამოწეული. ფსიქოლოგიური ზეგავლენა რეალურია, მასშტაბური და მზარდი. ამ თემაზე კვლევები 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა; ყველაზე მეტი პუბლიკაცია 2020 წელს გამოიცა, რაც ამ პრობლემის აღიარების ნათელი ნიშანია.
კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზებით. პირდაპირი ზემოქმედება მოიცავს ტრავმულ მოვლენებთან კონტაქტს, მაგალითად, ტყის ხანძრებთან და ძლიერ შტორმებთან. ირიბი გზები კი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს გულისხმობს, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა და ემიგრაცია. დაუცველი მოსახლეობა, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება.
"მარტივია განვაცხადოთ, რომ ეკოშფოთვა გვაქვს, თუმცა საკითხი ამაზე ბევრად სერიოზულია... ეს არის იმის შედეგი, რომ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც პრიორიტეტს არ ანიჭებს ადამიანთა ჯანმრთელობას და განკარგვად რესურსად მოიაზრებს როგორც ადამიანებს, ისე ჩვენს პლანეტას."
ტორი ცუი, კლიმატის სამართლიანობის აქტივისტი და წიგნის ავტორი„ეს მხოლოდ შენ არ ხარ: როგორ გავუმკლავდეთ ეკოშფოთვას და კლიმატურ კრიზისს“. (წყარო).

როდესაც ამინდი ფსიქიკაში განგაშს ქმნის
თბური ტალღები
ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 22∘C-ია. როდესაც გარემოს ტემპერატურა ამ ნიშნულს საგრძნობლად სცილდება, შედეგები მძიმეა. სიცხისგან გამოწვეული სტრესი პირდაპირ მოქმედებს ტვინში ბიოქიმიურ პროცესებზე, არღვევს სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავებას. ის აფერხებს თერმორეგულაციას, იწვევს ძილის დარღვევას და ხელს უწყობს გამოფიტვას — ეს ყველაფერი კი სუიციდის რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული.
ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის სიკვდილის რისკი თბური ტალღების დროს სამჯერ მეტია. მენტალურ ჯანმრთელობასა და ტემპერატურას შორის კორელაცია სცდება გეოგრაფიულ საზღვრებს, მოიცავს რა კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ქცევით ფაქტორებს.
წყალდიდობები
წყალდიდობა ძირითადად იწვევს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD), სადაც კატასტროფის ინტენსივობასა და ფსიქოლოგიურ სიმძიმეს შორის პირდაპირი კორელაცია ფიქსირდება. კვლევები ცხადყოფს, რომ წყალდიდობებს მოჰყვება გლოვა, იძულებითი გადაადგილება და ფსიქოსოციალური სტრესი სიცოცხლისა და დოვლათის დაკარგვის გამო.
წყალდიდობის მსხვერპლთა შორის 20%-ს დიაგნოზირებული აქვს დეპრესია, 28.3%-ს შფოთვა, ხოლო 36%-ს PTSD. ეს შედეგები დიდხანს ნარჩუნდება და მწვავდება მიმდინარე ეკონომიკური პრობლემებით, ბავშვებში კი თავს იჩენს გამოვლენილი ქცევითი სირთულეებით.

ქარიშხლები და შტორმები
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტორნადოების, ქარიშხლებისა და შტორმების ინტენსივობა, სიხშირე და ხანგრძლივობა გაიზარდა. ფსიქოლოგიური შედეგებიც თვალსაჩინოა. დაზარალებულ ტერიტორიებზე ყოველ მეექვსე ადამიანს PTSD უვითარდება, ნახევარს კი — შფოთვითი აშლილობა. ამ შტორმების შემდეგ მკვეთრად მატულობს თვითმკვლელობის მაჩვენებლები და სუიციდური აზრები.
რისკ-ფაქტორები ბევრია - ზემოქმედების სიმძიმე, ადრე არსებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ასაკი, სქესი, განათლების დონე და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ზიანი, რაც მსგავს მოვლენებს მოაქვს, სცდება მის უშუალო ფიზიკურ ზემოქმედებას და ვლინდება სოციალური მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილის დაკარგვაში, ჯანდაცვის სისტემის მოშლასა და იძულებით გადაადგილებაში.
გვალვა
ხანგრძლივი გვალვები აერთიანებს მაღალ ტემპერატურასა და მცირე ნალექს, რაც განსაკუთრებით ხელს უშლის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და საბოლოო ჯამში იწვევს ეკონომიკურ კრიზისს. ფერმერები განსაკუთრებით დაუცველნი არიან გარემოს დეგრადაციით გამოწვეული მენტალური ჯანმრთელობის რისკების მიმართ.
ფსიქოლოგიური ზარალი მოიცავს დეპრესიას, დემორალიზაციას და პასიურ შეგუებას, განსაკუთრებით ქალებში, მოზარდებში და მათ შორის, ვისაც დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი აქვს. გვალვა ხშირად უკავშირდება თვითმკვლელობის შემთხვევებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში.
ტყის ხანძრები
კვლევებმა ავსტრალიის ხანძრებით დაზარალებულ რაიონებში აჩვენა, რომ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის 42% პოტენციურად ფსიქიატრიულ შემთხვევად კვალიფიცირდებოდა. კალიფორნიის ტყის ხანძრების შემდეგ გამოკითხულთა 33%-ს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნა, 24%-ს კი – PTSD. საბერძნეთის ხანძრების შემდეგ კი შფოთვის, დეპრესიისა და პარანოიის ზრდა დაფიქსირდა.

კატასტროფის შემდგომი პრობლემები ვლინდება PTSD-ში, ქრონიკულ დისოციაციაში, დეპრესიასა და ქცევით პრობლემებში. ეს შედეგები შეიძლება იმ ადამიანებზეც გავრცელდეს, ვინც ბუნებრივი კატასტროფის უშუალო არეალში არც იმყოფებოდნენ.
გრძელვადიანი საფრთხე
კლიმატის ცვლილების შერბილების წარმატებული მცდელობების შემთხვევაშიც კი, მომატებული ტემპერატურა და ზღვის დონის მატება გრძელვადიან გამოწვევად დარჩება. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან ექსტრემალური მოვლენების ზემოქმედების, დაუცველ სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულებისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული წვდომის გამო. ეკონომიკური უთანასწორობა კი საბოილოოდ მოსახლეობის იძულებით გადაადგილებასა და კონფლიქტებს გამოიწვევს.
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ფსიქიკური შედეგი თავად ეგზისტენციალური საფრთხეა. ფსიქოლოგიური სტრესი და შფოთვა მომავლის მიმართ - კლიმატის ცვლილების, როგორც გლობალური საფრთხის გააზრებიდან მოდის. ამ ცნობიერებამ წარმოშვა ახალი ფსიქოლოგიური ფენომენები: "ეკოშფოთვა" (შფოთვა გარემოს გამო), "ეკოპარალიზი" (უმოქმედობა შიშის გამო) და "სოლასტალგია" (სტრესი, რომელიც გამოწვეულია იმის ყურებით, თუ როგორ იცვლება გარემო). ამ სინდრომების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ახალგაზრდები, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც.
პუერტო რიკოს მაგალითი
პუერტო რიკო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის ექსტრემალური მოვლენები არსებულ სოციალურ პრობლემებს. 2017 წლის ოქტომბერში, ქარიშხალ "მარიას" მოსვლამდე, კუნძული უკვე ებრძოდა მენტალური პრობლემების ზრდას ათწლიანი რეცესიის ფონზე. "მარიამ" სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა.
თვითმკვლელობის მაჩვენებელი 2016 წლიდან 16%-ით გაიზარდა, თვითმკვლელობების საერთო რაოდენობა კი – 26%-ით. შტორმიდან ექვსი თვის შემდეგ, ერთ-ერთ დაბალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე თემში კი შემაძრწუნებელი მონაცემები დაფიქსირდა: კვლევაში მონაწილეთა 54.1%-ს დეპრესიის, 48.6%-ს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ხოლო 41.9%-ს PTSD-ს დიაგნოზი დაუსვეს.
თითქმის 96,000 გამოკითხული სტუდენტიდან, 83.9%-მა ნახა დაზიანებული სახლები, 45.7%-მა საკუთარი სახლის დაზიანების შესახებ განაცხადა, 32.3%-მა განიცადა საკვების ან წყლის ნაკლებობა, ხოლო 16.7%-ს 5–9 თვის შემდეგაც არ ჰქონდა ელექტროენერგია. მთლიანობაში, ახალგაზრდების 7.2%-ს კლინიკურად საყურადღებო PTSD სიმპტომები გამოუვლინდა.
ვინ არის ყველაზე მოწყვლადი
კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან ქალები, ხანდაზმულები, ბავშვები, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები და ადგილობრივი თემები. ღარიბი ქვეყნები უფრო დაუცველნი არიან, ვიდრე ძლიერი ეკონომიკის მქონეები, და ხშირად ისინი, ვისაც კლიმატის ცვლილებაში ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის, ყველაზე მეტად იტანჯებიან მისი შედეგებით.

გზა ფსიქიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობისკენ
კლიმატის ცვლილებასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირი კომპლექსურია და ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა, გარკვეული ფაქტორები მკაფიოდ განსაზღვრავს შედეგებს: სოციალურ-ქცევითი ასპექტები, კულტურა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მზადყოფნა — სწორედ ეს ყველაფერი წყვეტს, შეძლებენ თუ არა თემები დახვდნენ გამოწვევებს ფსიქოლოგიური მედეგობით.
ნეგატიური ფსიქოლოგიური ზეგავლენების ასაცილებლად და კლიმატის კრიზისის დასაძლევად მრავალმხრივი მოქმედებაა საჭირო. მენტალური ჯანმრთელობის საკითხი კლიმატის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს და არ განიხილებოდეს როგორც მეორეხარისხოვანი საკითხი. თემებს ესაჭიროებათ ძლიერი სოციალური კავშირები და დახმარების პროგრამები. მოწყვლად მოსახლეობას მიზანმიმართული მხარდაჭერა სჭირდება, რაც მოიცავს მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს, ეკონომიკურ დახმარებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, კლიმატთან დაკავშირებული ემოციები განსჯის გარეშე დაამუშაონ, შფოთვა კი აზრიანი ქმედებისკენ მივმართოთ. ადაპტაციის მექანიზმებისა და დამცავი ფაქტორების გააზრება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში.
"ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩემი აქტივისტური ბრძოლის ნაწილია, რადგან ჯანსაღი ფსიქიკა ჯანსაღი პლანეტაა."
ტორი ცუი, კლიმატის სამართლიანობის აქტივისტი და წიგნის ავტორი„ეს მხოლოდ შენ არ ხარ: როგორ გავუმკლავდეთ ეკოშფოთვას და კლიმატურ კრიზისს“. (წყარო).
კლიმატის ცვლილება ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ გარემოზე, არამედ ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. ამ რეალობის გაცნობიერება პირველი ნაბიჯია გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც დაიცავს როგორც ჩვენს პლანეტას, ისე ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას.
Cover photo: Ana Mendieta, Untitled: Silueta Series, 1979.
Source of photos: www.anamendietaartist.com
ბლოგ-პოსტი ეყრდნობა მეცნიერულ სტატიებს. ძირითადი წყაროებია:
Charlson, F., Ali, S., Benmarhnia, T., Pearl, M., Massazza, A., Augustinavicius, J., & Scott, J. G. (2021). Climate change and mental health: A scoping review. International Journal of Environmental Research and Public Health, 18(9), Article 4486. https://doi.org/10.3390/ijerph18094486
Cianconi, P., Betrò, S., & Janiri, L. (2020). The impact of climate change on mental health: A systematic descriptive review. Frontiers in Psychiatry, 11, Article 74. https://doi.org/10.3389/fpsyt.2020.00074
Palinkas, L. A., & Wong, M. (2020). Global climate change and mental health. Current Opinion in Psychology, 32, 12–16. https://doi.org/10.1016/j.copsyc.2019.06.023
Trombley, J., Chalupka, S., & Anderko, L. (2017). Climate change and mental health. American Journal of Nursing, 117(4), 44–52. https://doi.org/10.1097/01.NAJ.0000515232.51795.fa






Comments